ვაშინგტონისა და მოსკოვის ჩარევის მიუხედავად მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.
აზერბაიჯანი კიდევ რამდენიმე სოფლის აღების შესახებ იუწყება და სომეხი სამხედროების მიერ ქალაქ ბარდაზე თავდასხმის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ილჰამ ალიევის განცხადებით, სარაკეტო თავდასხმების დროს 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. "წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის" ფედერაცია აცხადებს, რომ ქალაქ ბარდას დაბომბვას მათი 1 მოხალისეც ემსხვერპლა.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ ომბუდსმენის ინფორმაციით კი, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში ქალაქ შუშაზე მიიტანეს, რა დროსაც ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლები დაშავდნენ.
სამი საზავო შეთანხმების მიუხედავად კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას გმობს ევროკავშირი და მხარეებს კვლავ მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს. დღესვე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა.
"ყველა მხარეს თავისი სიმართლე აქვს" - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ირწმუნება, რომ საკითხი ვერ მოგვარდება, თუკი მიღწეული შეთანხმება ორივე მხარისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.