29 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
1 სექტემბრიდან მკვეთრად მატულობს პოლარიზება ტელევიზიებში - ევროკავშირისა და გაეროს განვითარების მედიამონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში

ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ დღეს მედიამონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინეს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საარჩევნო მედიამონიტორინგი სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ხორციელდება.

მონიტორინგი 43 მედიასაშუალებას მოიცავს - 12 ტელევიზიას, 10 რადიოს, 8 გაზეთსა და 13 ონლაინ გამოცემას.

"ზაფხულის პერიოდთან შედარებით, 1 სექტემბრიდან მკვეთრად მატულობს პოლარიზება ტელევიზიებში, ხოლო ბეჭდურ მედიაში იკვეთება ყველა საარჩევნო მოთამაშის ნეგატიურად გაშუქების ტენდენცია. ამასთან ერთად, ბეჭდური მედია ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას გადაუმოწმებელ წყაროებზე დაყრდნობით.

პოლარიზება იზრდება სოციალურ ქსელებშიც, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე.

ჟურნალისტური სტანდარტები მეტადაა დაცული ონლაინ მედიაში, რომელიც საარჩევნო მოთამაშეების ფართო სპექტრს აშუქებს და დისკრიმინაციული ენის გამოყენებას ერიდება. რამდენიმე ონლაინ მედია-საშუალებაში შეიმჩნევა მმართველი პარტიის მხარდაჭერისა და სხვა პარტიების დისკრედიტირების ტენდენცია.

რადიო ინარჩუნებს გაშუქების ნეიტრალურობასა და დაბალანსებულობას, თუმცა, მისი გავლენა საგრძნობლად დაბალია მედიის სხვა სეგმენტებთან შედარებით. უმეტესწილად, რადიო საკმაოდ მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ექსკლუზიურ სარედაქციო კონტენტს არ სთავაზობს მსმენელს.

ყველა მედია სეგმენტში გაზრდილია საარჩევნო პროცესის გაშუქების მრავალფეროვნება, ხოლო დისკრიმინაციული ენისა და გენდერული სტერეოტიპების გამოყენება უფრო იშვიათად შეიმჩნევა. თუმცა, საარჩევნო პროგრამების სიღრმისეული ანალიზი და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები კვლავ ყურადღების მიღმა რჩება.

ყველა ტელევიზია აშუქებს შესაძლო უცხოურ გავლენას საქართველოს არჩევნებზე. ამ მხრივ, ყველაზე მეტი დრო ეთმობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს (EU), რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (NATO). დასავლეთის სახელმწიფოებისა და გაერთიანებების გავლენა უმეტესწილად დადებითად ფასდება,"- წერია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გამოქვეყნებულ მედიამონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი საარჩევნო პროცესის დასრულებამდე გაგრძელდება. საბოლოო ანგარიშები 2020 წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

დღის ამბები