კორონავირუსის შემთხვევების სწრაფად მატების გამო საფრანგეთში ერთთვიანი კარანტინი გამოცხადდა.
ემანუელ მაკრონის განმარტებით, 30 ოქტომბრიდან პირველ დეკემბრამდე შეიზღუდება რეგიონებს შორის გადაადგილება. დაიხურება ბიზნესობიექტების ძირითადი ნაწილი. მოსახლეობა კი სახლიდან გასვლას მხოლოდ სამუშაო და გადაუდებელი სამედიცინო მიზნებით შეძლებს.
2 ნოემბრიდან შეზღუდვებს ამკაცრებს გერმანიაც. კერძოდ, დაიხურება კინოთეატრები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, კაფე-ბარები და რესტორნები. აიკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. სასტუმროში დარჩენა მხოლოდ აუცილებელი საქმიანი ვიზიტების შემთხვევაში იქნება დასაშვები.
უქმეებზე რელიგიური დღესასწაულის დროს მოსახლეობის გადაადგილების შესამცირებლად კი საზღვრები დაკეტა ესპანეთის ხუთმა რეგიონმა.
"კოვიდ-19-ის" რეკორდული დღიური მონაცემები ფიქსირდება იტალიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში.