29 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ხელისუფლებას, რომელიც იმაზე წუწუნებს, რომ ოპოზიცია ჩაგრავს, რა უნდა ხელისუფლებაში?! - ნინო ბურჯანაძე

მმართველი გუნდის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე იმ მცდელობაზე ისაუბრა, თუ როგორ ხდება სხვადასხვა ყალბი ექაუნთის მხრიდან ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტირება. ამასთან დაკავშირებით, ქალი პოლიტიკოსები შეფასებებს აკეთებენ. მაგალითად, ფიქრია ჩიხრაძემ განმარტა, რომ პარტია "ლელოსთვის" მთავარი მიზანი ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტირების მცდელობის აქტიური გამოვლენაა. ამ საკითხების გამოუძიებლობაში კი მან "ქართული ოცნება" დაადანაშაულა. 

"ლელოს" ქალთა ორგანიზაცია საკმაოდ ძლიერია, ჩვენი პარტია ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე ყველაზე მოტივირებულია. არასოდეს "ლელოს" არც ერთ წარმომადგენელს ქალების მიმართ ასეთი რამ არ უქნია, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ზუგდიდის მერის მოადგილის მიერ ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტის მიმართ შანტაჟი, მისი სახელი და გვარიც იციან, მაგრამ "ქართულ ოცნებას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ საქმის გამოსაძიებლად,"- აცხადებს  პარლამენტის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან ”ლელო საქართველოსთვის" ფიქრია ჩიხრაძე. 

"ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მამუკა მდინარაძის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის მცდელობა იმისათვის, რომ მმართველმა პარტიამ ოპოზიცია წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ დაადანაშაულოს. 

"მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაზე ახორციელებს ზეწოლას, ამაზე მგელი და კრავი მახსენდება. ხელისუფლებას, რომელიც იმაზე წუწუნებს, რომ ოპოზიცია ჩაგრავს, რა უნდა ხელისუფლებაში?! ჰოდა წავიდნენ," - აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. 

დღის ამბები