29 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
"ვგეგმავთ, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ვადევნოთ თვალი, თუ როგორ შედის საარჩევნო ოქმები ცესკოში" - ზაალ უდუმაშვილი

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ შაბათს, 8 საათის შემდეგ, მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე შეკრება იგეგმება. შესაბამისი განცხადებით ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის მერიასაც მიმართა. ამ ინფორმაციას ადასტურებს დედაქალაქის მთავრობა და გასაჯაროვდა წერილიც, რომლის მიხედვითაც, იგეგმება მშვიდობიანი საჯარო შეკრება.

ამ წერილის ავტორები ელოდებიან, რომ მათ ღონისძიებას შეუერთდება ბევრი ადამიანი, რის გამოც აფრთხილებენ მუნიციპალიტეტს, რომ შესაძლოა, შეფერხდეს ხალხისა და ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოძრაობა.

ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ შეკრება 8 საათისთვის არის დაგეგმილი, თუმცა ტექნიკურად მომზადებას 6-7 საათი სჭირდება, შესაბამისად, განაცხადში 12 საათია მითითებული. 

"მართლაც, შესულია ჩვენი სახელით განაცხადი მერიაში, 31 ოქტომბერზე, ოღონდ ჩვენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას ვგეგმავთ არა დილის 12 საათიდან, არამედ საღამოს 8 საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები უკვე დაიხურება და ჩვენ ვგეგმავთ, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ვადევნოთ თვალი, თუ როგორ შედის საარჩევნო ოქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რაც მთავარია, ერთად აღვნიშნოთ გამარჯვება.

12 საათზე რუსთაველის გამზირზე მიდის ჩვეულებრივად ტექნიკური პერსონალი, რომელმაც უნდა ააწყოს იქ სცენა, მოამზადოს საღამოს 8 საათისთვის და ამას სჭირდება დაახლოებით 6-7 საათი და სწორედ ამიტომ არის მითითებული 12 საათი ამ განაცხადში,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები