რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს. ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის ცნობით, "რუსეთის მხრიდან გამოთქმული იქნა ღრმა შეშფოთება საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებასთან, ასევე შეტაკებებში ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული ტერორისტების მასშტაბურ ჩართულობასთან დაკავშირებით".
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებებთან კონტაქტების შესახებ და ასევე – ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და კრიზისის დეესკალაციის სწრაფად მიღწევის მიზნით გადადგმული ნაბიჯების თაობაზე.
ვაშინგტონში მიღწეული ჰუმანიტარული ზავი ამოქმედებიდან რამდენიმე წუთში დაირღვა და საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, მხარეები ცეცხლის გახსნაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ.