29 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" წევრების პროტესტის შემდეგ, ცესკომ თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა საღამოს 6 საათამდე გაახანგრძლივა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმაური იყო. "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების თქმით, ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ პირებს არ არეგისტრირებს. ხათუნა გოგორიშვილი და ელენე ხოშტარია თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ, რასაც დაცვის თანამშრომელსა და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

"ევროპული საქართველოს" წევრების მთავარი მოთხოვნა, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის შესახებ განცხადების გაკეთების ვადა გაზრდა იყო, რომელიც დღეს 14:00 იწურებოდა.

ხმაურიანი შესვლისა და თამარ ჟვანიასთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ კი, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დრო 14:00 საათის ნაცვლად, რომელიც მანამდე იყო გაცხადებული, 18:00 საათამდე გადაიწევს. შესაბამისად, თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ცესკოს ცხელ ხაზს საღამოს 6 საათამდე დაუკავშირდენენ და გააკეთონ განაცხადი საარჩევნო ყუთის მიტანასთან დაკავშირებით. 

"რასაც ჩვენ ახლა მივაღწიეთ, ეს არის რამდენიმე საათით ცხელ ხაზზე ზარების მიღების გადაწევა. ამიტომ, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ვისაც რეგისტრირების სურვილი აქვს, დარეკვა გააგრძელონ. ეს პროცესი საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება. ასევე მივიღეთ დაპირება, რომლის ზარიც შევიდა და ვერ უპასუხეს, ყველა მათგანს გადაურეკავენ,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ელენე ხოშტარია.

ცესკოს გარდა, ოპოზიციის წარმომადგენელები ჯანდაცვის სისტემასაც აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ ბიუროკრატიული ბარიერების მიზეზი ის არის, რომ ცესკოსთვის მონაცემების გადაცემას ჯანდაცვის სამინისტრო აგვიანებს. ამ ბრალდებების მიუხედავად, მმართველი გუნდის წევრების თქმით, სისტემა გამართულად მუშაობს და ის პრინციპები, რომლითაც საარჩევნო კომისია ხელმძღვანელობს, მათთვის მისაღებია. 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის ხმის მიცემის უფლება ბოლომდე იყოს დაცული. მივესალმები ცესკოს გადაწყვეტილებას, რომ გაახანგრძლივა დღეს თვითიზოლაციასა და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის მიმართვიანობის ვადები. ეს დემოკრატიული გადაწყვეტილებაა. აქედანაც ჩანს ის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, არჩევნების გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. რაც არ უნდა თქვან ჩვენმა ოპონენტებმა, საერთაშორისო დამკვირვებლები და საზოგადოება სწორად შეაფასებენ ამ პროცესებს," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი. 

"ევროპული საქართველოს" წევრების თამარ ჟვანიასთან შეხვედრა კი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. 

დღის ამბები