29 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ცენტრალურმა ფილიალმა სადაც რამდენიმე დღის წინ შეიარაღებული პირი შეიჭრა მუშაობა განაახლა 

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ცენტრალურმა ფილიალმა დღეს მუშაობა განაახლა. 6 დღიანი პაუზის შემდეგ ბანკი, რომელშიც 21 ოქტომბერს შეიარაღებული თავდამსხმელი შევიდა და 43 მძევალი აიყვანა, დღეიდან ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის 2 საათისთვის შეიჭრა, ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია 3 მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით - 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

 

დღის ამბები