თელავის მე-7 სკოლაში ერთ-ერთი პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირების გამო მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სკოლა რამდენიმე დღით დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა.
როგორც თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი აცხადებს, არჩევნებისთვის ხელის შეშლის პრევენციის მიზნით, სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია მოწყობილი, 3 ნოემბრის ჩათვლით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.
"მე-7 სკოლის ერთ-ერთ მასწავლებელს აღმოაჩნდა კოვიდინფექცია. ამის გამო ჩვენ მივმართეთ უკვე განათლების სამინისტროს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით გადავწყვიტეთ 2 დღე - ორშაბათი და სამშაბათი, ჩვენი მიმართვის საფუძველზე სკოლა გადასულიყო დისტანციურ სწავლებაზე. ოთხშაბათიდან, მინისტრის ბრძანებით, იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები გვაქვს, რომ არ შეიქმნას აქაც რთული სიტუაცია, სკოლები გადადის დისტანციურ სწავლებაზე 3 ნოემბრის ჩათვლით," - აცხადებს თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი.