29 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის დროს მძევლად აყვანილ პირებს დაზარალებულის სტატუსი ენიჭებათ

ყოფილ მძევლებს დაზარალებულების სტატუსი ენიჭებათ. ამის შესახებ სამხარეო პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ლაშა შენგელიამ უთხრა. შენგელია ერთ-ერთია იმ მძევალთაგან, რომელიც თავდამსხმელმა ბანკის დატოვების შემდეგ თან გაიყოლა და გარკვეული პერიოდის შემდეგ გაათავისუფლა. მასთან ერთად სტატუსი მიენიჭა კიდევ ერთ მძევალს, რომელიც დღეს სამხარეოს შენობაში გამოიკითხა. უკვე მეოთხე დღეა პოლიცია ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილ პირებს კითხავს.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხო წასვლის გარანტიებს ითხოვდა. საბოლოოდ მან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ბანკის შენობა, 3 მძევალთან ერთად დატოვა, რომელთა შორისაც იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, რომელიც სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა აღნიშნული 3 პირიც გაათავისუფლა და მიიმალა. სავარაუდოდ მან თან წაიღო მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ გადახდილი ფულიც. შსს-ს ინფორმაციით მის დასაკავებლად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით - 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

დღის ამბები