29 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
15 საათი შეიარაღებული თავდამსხმელის ტყვეობაში - ყოფილი მძევალი "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში დეტალებზე საუბრობს

ლაშა შენგელია ერთ-ერთია იმ 4 ადამიანიდან, რომელიც ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა იარაღის მუქარით კირცხის ტყემდე პოლიციის პიკაპით მიიყვანა. "კურიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში 15 საათის განმავლობაში მძევლად აყვანილი პირი, პირველად მხოლოდ "რუსთავი 2"-თან ჰყვება, როგორ აღმოჩნდა დაყაჩაღებული ბანკის შენობიდან, ტყეში. ლაშა შენგელია იხსენებს, რომ შეიარაღებულ პირს არ ჰქონდა კონკრეტული მარშრუტი, თუ რა გზით აპირებდა გადაადგილებას. ის აკონტროლებდა საპოლიციო ღონისძიებებს, რომელსაც სპეცდანიშნულების რაზმი მის წინააღმდეგ გეგმავდა.

შეიარაღებულ პირთან 4 მამაკაცი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც სასურველი თანხის მიღების შემდეგ ბოროტმოქმედმა ობიექტის დატოვება გადაწყვიტა. ბანკში მძევლად მყოფებს დაუტოვა არჩევანი, ვინ გაჰყვებოდა უსაფრთხო ადგილამდე მძევლად სამხარეო პოლიციის უფროს ავთო გალდავასთან ერთად. იმის გამო, რომ ტყვეობაში ქალებიც იყვნენ, ტვირთი საკუთარ თავზე 4-მა კაცმა აიღო.

15 საათიანი სპეცოპერაციის განმავლობაში დამნაშავე განსაკუთრებული სიფრთხილით მოქმედებდა. ეს მარტივად შესამჩნევი იყო მძევლად აყვანილი პირებისთვისაც. ისინი "კურიერს" უყვებიან, რომ შეირაღებული პირი წყლისთვის მოიხმარდა მხოლოდ საკუთარ ერთჯერად ჭურჭელს და უარი თქვა სიგარეტზეც, იმის გამო, რომ კვალი არ დაეტოვებინა.

დამნაშავეს კვალი სოფელ კირცხიდან იკარგება. უცნობია მისი გადაადგილების კონკრეტული მარშრუტი. შეიარაღებული პირი, 500 ათასი დოლარით სამეგრელოში, ტყის გავლით მიიმალა. არსებობს ვერსიაც, რომ მეორეხარისხოვანი გზით ის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც გადავიდა. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს შინაგან საქმეთა მინისტრი. ვახტანგ გომელაურის თქმით, მის დასაკავებლად ოპერაცია ჯერ არ დასრულება.

შეიარაღებული თავდასხმიდან 31 საათის შემდეგაც საზოგადოებამ არაფერი იცის დამნაშავეს შესახებ. მისი მოქმედებებიდან, შეიარაღებიდან, შენიღბვიდან და სხვა ყველა დეტალის გათვალისწინებით საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ვერსიებზე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბოროტმოქმედი სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი, კარგად ნავარჯიშევი სამხედროა, რაზეც იარაღის ტარების მანერაც მიუთითებს.

გამტაცებლის ვინაობა და მომხდარის ყველა დეტალი სავარაუდოდ მას შემდეგ გაირკვევა, თუკი სამართალდამცველები მის დაკავებას შეძლებენ. სპეცოპერაცია შეიარაღებული პირის ასაყვანად ამ წუთებშიც გრძელდება.  

დღის ამბები