29 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება - პოლიტიკოსებმა მხარდამჭერებთან სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაზე ისაუბრეს

არჩევნებამდე 10 დღით ადრე პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ, სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, პოლიტიკოსები მხარდამჭერებს ძირითადად სწორედ ამ ორ თემაზე ესაუბრებიან.

ქვეყნის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის გზები "ლელო საქართველოსთვის" წევრებმა მხარდამჭერებს რუსთავში გააცნეს. ამომრჩევლებს დისტანციურად მიმართ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც კოვიდინფექციაზე მკურნალობს.

საბურთალოს ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს "სტრატეგია აღმაშენებელმაც" წარუდგინა, გამარჯვებისთვის ამ რაიონში თაკო ჩარკვიანი იბრძოლებს, პარტიამ "მოქალაქეებთან" შეხვედრაზე სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა და ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა წარადგინა.

სამუშაო ადგილების შექმნა, კორუფციის დამარცხება და ეკონომიკური განვითარება-საარჩევნო გეგმის შესახებ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამომრჩეველს საჩხერეში ესაუბრა, პარტიის სახელით კენჭს აქ გიორგი კაპანაძე იყრის, ქალაქში ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს დისტანციურად მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.

მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის და ასპინძის ოლქში "ევროპული საქართველოდან" ზურაბ ჩილინგარაშვილი იქნება. კანდიდატი ამომრჩეველს პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ წარუდგინა და შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა.

მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს "თავისუფალ დემოკრატებს" არ წარუდგენიათ, თუმცა ეთნოგრაფიულ მუზეუმში შეკრებილ ამომრჩევლებს, დეოკუპაციაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე ესაუბრნენ

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პოლიტიკური პარტიები მოსახლეობასთან შეხვედრებს არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში აქტიურად აპირებენ.

დღის ამბები