მსოფლიოს სხვადასხვა წერტილზე 4 წლის განმავლობაში განხორციელებული კიბერშეტევის საქმეები გახსნილია. ამერიკა, საფრანგეთი, საქართველო, უკრაინა, ტოკიოს ოლიმპიადა - შეერთებულმა შტატებმა ბრალი რუსეთის სამხედრო დაზვერვის 6 ოფიცერს წაუყენა.
"გრუს" ოფიცრებიდან ორი კონკრეტულად საქართველოს ეპიზოდზეა ბრალდებული.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევის, ოლიმპიადების ჩაშლის, ელექტრონული მისამართების გატეხვის, ელექტროსისტემების მწყობრიდან გამოყვანის, სამთავრობო გვერდებზე შეღწევის და კიდევ სხვა არაერთ კიბერ დანაშაულზე, რომელთა მთავარი მიზანი არეულობების მოწყობა და რუსეთის ინტერესების გატარებაა.
ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურების მონაცემებით, ყველა ამ კიბერდანაშაულის უკან რუსეთის გენშტაბის სამხედრო ნაწილი დგას, რომლის ნომერიცაა "7 44 55".