29 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
აზერბაიჯანი ზანგელანის აღებას ზეიმობს - მოსკოვის უშედეგო მცდელობის შემდეგ საქმეში ვაშინგტონი ერთვება

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის 23-ე დღე, მეორედ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დარღვეული პირობები - მხარეები ცეცხლის გახსნაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანი სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკის განადგურების შესახებ იუწყება. პარალელურად, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანის 5 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ამ ფონზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირები საბრძოლო მოქმედებების შესაწყვეტად მზაობას გამოთქვამენ, თუმცა, შეხვედრამდე მხარეები რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარ მოთხოვნებზეც საუბრობენ.

აკრძალული იარაღის გამოყენებასა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაზე არაფერს ამბობენ ოფიციალური პირები. თუმცა, აქტიურად განიხილავენ კონფლიქტის დასრულების შემთხვევაში მოსახლეობის ბედს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანს რასისტული რეჟიმი მართავს და ყარაბაღში მცხოვრები სომხები მათი წესების დაქვემდებარებაში ვერ იცხოვრებენ. ილჰამ ალიევი კი ფიქრობს, რომ სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას ერთმანეთთან მშვიდობიანად ცხოვრება შეუძლია, ამის მაგალითად კი საქართველოსაც ასახელებს.

კონფლიქტის მოგვარებაზე სასაუბროდ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ვაშინგტონშიც იხმობენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მათთან შეხვედრებს 23 ოქტომბერს გამართავს.

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები