ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულარული რეისები ეტაპობრივად გაიხსნება. საუბარია ნოემბრის რეგულარულ რეისებზე, რომლის მიმართულებები მიუნხენი, პარიზი, რიგა იქნება. მათ შორის, რეგულარული ფრენები იგეგმება ამსტერდამის, ვენის, ვარშავის, ათენის, ვილნიუსის, დორტმუნდის, კატოვიცესა და მილანის მიმართულებითაც.
"გამოიცა ახალი ე.წ. ნოტამი და მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბრის თვეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს. ჩვენ, ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ რეისებს და ეს არის მთელი რიგი მიმართულება, ძირითადად ევროპული მიმართულებები, მათ შორის, ისეთი მიმართულებები, სადაც აქამდეც ხორციელდებოდა უფრო შეზღუდული ფორმატით რეისები, მათ შორის, ჩარტერული, ახლა არის ღია რეგულარული ფრენების შესრულებისთვის.
ტრადიციული მიმართულებები, როგორიც არის მიუნხენი, პარიზი, რიგა - აქ ჩვენ შევთავაზეთ კომპანიებს, ვინც ემსახურება ამ მიმართულებებს, გაზარდონ სიხშირეები.
რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს - იგივე ამსტერდამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვილნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე, მილანი - ამ მიმართულებებით შესაძლებელი იქნება იმ კომპანიებისთვის, ვინც აქამდეც ასრულებდა ამ მიმართულებებით რეისებს დაიწყონ რეგულარული ფრენები," - განაცხადა ნათია თურნავამ.