მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ის შემთხვევათა რიცხვმა 40 მილიონს გადააჭარბა. მზარდი მონაცემების გამო სახელმწიფოები რეგულაციების გატარებას განაგრძობენ.
ირლანდია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს კიდევ ერთხელ აწესებს.
ქვეყნის მთავრობის განკარგულებით, 21 ოქტომბრიდან ირლანდიაში კარანტინი ამოქმედდება. მოსახლეობის უმეტესობა კვლავ დისტანციურად გააგრძელებს მუშაობას. დაიკეტება გალერეები, მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და ბარები კი მხოლოდ გატანის სერვისით გააგრძელებენ მუშაობას. სამი მეოთხედით შემცირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.
არგენტინაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 451 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 26 716 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინის მოსახლეობა სულ 45 მილიონია და ის პირველი შედარებით პატარა ქვეყანაა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.
ვითარება მძიმეა შეერთებულ შტატებშიც, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი კატასტროფაა და მისთვის, რომ დაეჯერებინა შეერთებულ შტატებს ამ დროისთვის ნახევარი მილიონი COCVID-19-ით გარდაცვლილი ეყოლებოდა.
"ფაუჩი კატასტროფაა, მისთვის რომ მომესმინა, 500 000 დაღუპული გვეყოლებოდა, ხალხი დაღლილია ექიმი ფაუჩისა და ამ იდიოტების მოსმენით. ფაუჩი სასიამოვნო კაცია. ის 500 წელია, აქ არის. ყოველთვის, როცა ტელევიზიით ჩნდება, რაღაც ბომბია. მაგრამ უფრო დიდი ბომბი იქნება, თუ გაათავისუფლებ,"- აღნიშნა ტრამპმა.