29 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
"გრუს" 6 ოფიცერს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართ ჰაკერული თავდასხმის გამო ბრალი წარუდგინა

სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართ ჰაკერული თავდასხმის გამო რუსეთის ე.წ. გრუს 6 ოფიცერს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრები კიბერშეტევების დროს მსოფლიოში ყველაზე გამანადგურებელ პროგრამებს იყენებდნენ.

განცხადების თანახმად, ჰაკერებმა 2018 წელს კიბერშეტევა საქართველოს ერთ-ერთი მედია-კომპანიის, ხოლო 2019 წელს საქართველოს პარლამენტისა და ქართული ვებგვერდების წინააღმდეგ მოაწყვეს.

"ეს იყო მიზანმიმართული ქმედება ჯერ კიდევ 2017 წლის საფრანგეთის არჩევნებზე, შემდეგ საქართველოში 2019 წლის ოქტომბრის მოვლენები, როდესაც ჰაკერების ჯგუფმა განიძრახა მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ვებგვერდების მონაცემების დაზიანება.

ჩენ გვსურს მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი უცხოელი კოლეგების მიმართ, მათ შორის უკრაინის, საქართველოს, სამხრეთ კორეის, გაერთიანებული სამეფოსა და ახალი ზელანდიის საგამოძიებო უწყებების თანამშრომლების მიმართ. მათი თავდაუზოგავი შრომა გამოძიების შედეგებზე აისახა. ჩვენ ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ," - აცხადებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალური პროკურორის თანაშემწე ჯონ დემერსი.

საქართველოს მიმართ კიბერდანაშაულში ბრალი ორ პირს ანატოლი კოვალიოვსა და არტიომ ოჩიჩენკოს წარედგინათ. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, გრუს ჰაკერების თავდასხმების სამიზნე ასევე საფრანგეთის არჩევნები, უკრაინის მთავრობა და 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იყო.

კიბერდანაშაულის შედეგად ზარალი მიადგა ნიდერლანდებს, სამხრეთ კორეას, დიდი ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებსაც.

დღის ამბები