29 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
კანონით, სააგიტაციო მასალის გაკვრა კენჭისყრის დღესაა აკრძალული, დამეთანხმებით ჯერ ეს დღე არ არის - კახა კახიშვილი ბრალდებებს პასუხობს

პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" კახა კახიშვილმა საკუთარი პოლიტიკური ოპონენტის, ხატია დეკანოიძის ბრალდებებს პასუხი "დღის კურიერის" ეთერში გასცა.

კახა კახიშვილის განმარტებით, საუბნო საარჩევნო კომისიის შენობასთან სააგიტაციო მასალის გაკვრა იკრძალება კენჭისყრის დღეს და არა ჩვეულებრივ დღეებში. 

"თქვენ ხედავთ, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი მიზეზისა, ჩვენ არ ვავსებთ საუბნო საარჩევნო კომისიებს საჩივრებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ შეგიძლიათ გადამღები ჯგუფი ისნის რაიონში გაუშვათ და ნახავთ ჩემი ოპონენტების პლაკატებს და ბანერებს იმ შენობაზე, სადაც ნებართვაც არ აუღიათ და ისე გააკრეს, ნახავთ სადარბაზოებში ერთ-ერთი ოპონენტის სარკეებს გაკრულს თავისი სიმბოლიკით ყოველგვარი ნებართვის გარეშე, მათ შორის ქალბატონი ხატიას ბანერებსაც ნახავთ. ასე რომ, კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს. მე ვურჩევდი მათ, კარგად წაიკითხონ კანონი. კანონში საუბარი იმაზეა, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის დღეს აკრძალულია სააგიტაციო მასალის გაკვრა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი როცა მიდის არჩევნებზე სააგიტაციო მასალა არ დახვდეს ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ. დამეთანხმებით, კენჭისყრის დღე ნამდვილად არ არის,"-განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე მოსკოვის გამზირზე, #23-ში, განთავსებული #29-საუბნო საარჩევნო კომისიის შენობის ფასადიდან "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახი კახიშვილის საარჩევნო ბილბორდის ჩამოხსნას ითხოვს. ხატია დეკანოიძის განცხადებით, აღნიშნული კანონდარღვევაა და კახიშვილის საარჩევნო ბილბორდის დემონტაჟი დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

დღის ამბები