29 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
ვნახეთ ბათუმში აქცია, რომელიც იყო უპასუხისმგებლობა, სწორედ აქ გამოიხატება პარტიების მიდგომა ქვეყნის და საზოგადოების მიმართ - კახა კალაძე

როგორ აისახება ეპიდვითარების გაუარესება მოახლოებულ არჩევნებზე. პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ ყველა საარჩევნო უბანი იქნება უსაფრთხო და 31 ოქტომბერს უშუალოდ საარჩევნო პროცესი "კოვიდ-19-ის" გავრცელებას ხელს ვერ შეუწყობს.

როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არჩევნები არ გადაიდება. 

ოპოზიციური სპექტრის განცხადებით, ისინი მაქსიმალურად იცავენ რეგულაციებს, "ნაციონალურ მოძრაობას" კი, კიდევ ერთხელ დასჭირდა განმარტება, რატომ ჩატარდა ბათუმში აქცია, რომელიც იყო ხალხმრავალი და სადაც ხალხი პირბადეების გარეშე იყო.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, ბათუმში აქციაზე 10 000-მდე ადამიანი იყო, რის გამოც მათი კონტროლი გართულდა.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძის განცხადებით, 31 ოქტომბერს ხალხი არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეს, რომ მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები ქვეყანაში.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე კი თვლის, რომ მოსახლეობამ წესები მაქსიმალურად უნდა დაიცვას და 31 ოქტომბერს არჩევნებზე ყველა მივიდეს.

მმართველი პარტიის განმარტებით კი, არსებულ ვითარებას ისინი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან.

"ჩვენ უნდა მოვახდინოთ ადაპტაცია, არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომელთაც აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობები. ჩვენ ვნახეთ ბათუმში აქცია, რომელიც იყო უპასუხისმგებლობა, სწორედ აქ გამოიხატება პარტიების მიდგომა ქვეყნის და საზოგადოების მიმართ, "- განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

დღის ამბები