29 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე კვების ობიექტებში იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე შპს "ათონელის" კუთვნილ კვების ობიექტსა და კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ "FELLERS"-ში იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და ვირუსით გამოწვეული დაავადების შემცირების მიზნით, საქართველოს უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან თბილისში, ბათუმსა და იმერეთის რეგიონში რესტორნები, ბარები და კაფეები 07:00 საათიდან 22:00 საათამდე ფუნქციონირებენ.

17 და 19 ოქტომბერს, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შპს "ათონელის" კუთვნილ კვების ობიექტსა და ბარ "FELLERS"-ში კანონით გათვალისწინებული დარღვევებით განმეორებით მიმდინარე ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინეს, რის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული კვების ობიექტები კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, 22:00 საათის შემდეგ განაგრძობდნენ ეკონომიკურ საქმიანობას. ობიექტების წამომადგენლების განცხადებით, ორივე ბარი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ.

გამოვლენილი დანაშაული ფიზიკური პირის შემთხვევაში - სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები