ოფიციალური ბაქო და ერევანი დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების გაცვლასთან დაკავშირებით ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ.
სომხეთში ფიქრობენ, რომ წითელი ჯვრის შუამავლობით ბრძოლის ველიდან სამხედროების გაყვანა აზერბაიჯანის პრეზიდენტს არ აწყობს, რადგან ალიევი მრავალრიცხოვან დანაკარგზე პასუხისმგებლობას გაურბის.
ბაქო კი საბრძოლო მოქმედებებში მორიგ წარმატებას აღნიშნავს, ილჰამ ალიევმა საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კონფლიქტის ზონაში სტრატეგიულ ობიექტზე, ხუდაფერინის უძველეს ხიდზე დროშა აღმართეს.
მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას დღეს თურქეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა. რეჯებ ტაიფ ერდოღანი თვლის, რომ მინსკის ჯგუფი მხარს უჭერს სომხეთს და მათ იარაღით ამარაგებს.