18 წლის თაჯირ კურბანოვს თავს მისი სახლიდან დაახლოებით 100 მეტრში, ოჯახის და მეზობლების ვერსიით, 5 პირი დაესხა.
დაზარალებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, თავდამსხმელები მათივე თანასოფლელები არიან, თუმცა თაჯირ კურბანოვს მათთან არც ახლო კონტაქტი და არც წარსულში უთანხმოება არ ქონია.
მძიმედ დაშავებული 18 წლის ახალგაზრდა თავდაპირველად საგარეჯოს საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს, სადაც უკვე ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
იორმუღანლოში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციამ ჯერჯერობით ერთი პირი, 19 წლის ილქინ გასანოვი დააკავა. ის ჯგუფური ძალადობის მუხლით აღძრული საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, რომელიც არსებული ვერსიით, ავტომობილს მართავდა და კურბანოვს განზრახ დაეჯახა.
ამ ეტაპზე გამოძიება სხვა პირთა ბრალეულობის გამოკვეთასთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება. "კურიერის" ინფორმაციით, თავდასხმის მონაწილეებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.