29 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
მძიმე ბრალდებები მწვავე დაპირისპირების ფონზე - სოსო ჯაჭვლიანთან მუშაობა მკლავჭიდელებს აღარ სურთ

საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში დღეს დილით დანიშნული გამგეობის სხდომა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა. სასტუმრო "ბომონდ გარდენში" მისულ მკლავჭიდელებსა და ნაკრების მწვრთნელებს, ფედერაციის პრეზიდენტმა სპეციალურად დაქირავებული დაცვის თანამშრომლები დაახვედრა და გამგეობის სხდომაზე დასწრება აუკრძალა.

სასტუმროს დაცვის თანამშრომელთა წინააღმდეგობისა და დაჟინებული თხოვნის მიუხედავად მკლავჭიდელებმა, მაინც შეძლეს ძალის გამოყენებით "ბომონდ გარდენის" ტერიტორიაზე შესვლა და ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას და გამგეობის სხდომის ღიად ჩატარებას მოითხოვდნენ, მაგრამ სოსო ჯაჭვლიანმა მათთან საუბარი არ ისურვა და სწორედ ამან გამოიწვია ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენების გაღიზიანება.

სერიოზული დაპირისპირების გამო სხდომა ჩაიშალა და გაურკვეველი ვადით გადაიდო. ფედერაციის პრეზიდენტმა, სოსო ჯაჭვლიანმა კი სასტუმროს ტერიტორია დაცვის დახმარებით, შენობის უკანა მხრიდან ჩუმად დატოვა.  

სკანდალური დაპირისპირება, რომელმაც დღეს უკვე კულმინაციას მიაღწია წლების მანძილზე გრძელდება, თუმცა მკლავჭიდელების არაერთი მიმართვის მიუხედავად, სპორტის სამინისტრომ პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო.  

უცნობია დღევანდელი დაპირისპირების შემდეგ სოსო ჯაჭვლიანის პოზიცია. მას კომენტარი არ გაუკეთებია და ის მთელი დღის განმავლობაში არც კურიერის სატელეფონო ზარებს პასუხობდა.   

დღის ამბები