29 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
თქვენ თუ იყვირებთ ოკუპანტი, ოკუპანტი, ე.წ. და ე.წ., მაშინ თავიდანვე უნდა თქვათ, რომ შერიგება არ მინდა და მორჩა - ირმა ინაშვილი

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პირველმა ნომერმა ირმა ინაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატის მომხრეა, თუმცა მისივე განმარტებით, სამწუხაროდ, 30 წლის განმავლობაში აღნიშნულმა ფორმატმა შედეგი ვერ გამოიტანა. ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ დიახ, რუსეთი ოკუპანტია, თუმცა ის ასევე ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების, შერიგების მომხრეა.

"რუსეთთან დაკავშირებით გაეროს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს არა ერთი რეზოლუცია არსებობს, სადაც მკაფიოდ წერია, რომ დიახ რუსეთი ოკუპანტია და მე არც ევროკავშირზე მაღლა არ ვდგავარ და არც გაეროზე მაღლა, რომ რაღაცა სხვა ფორმულირება შემოგთავაზოთ.

წარმოიდგინეთ არის ასეთი ჟენევის ფორმატი, სადაც ერთად სხედან რუსები, აფხაზები, ოსები, ჩვენ. სააკაშვილის ხალხის იჯდა იქ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც, სხედან მაგიდასთან და პროცესი როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საუბარი ასე იწყება - არ გელაპარაკებით ჩვენ შენ, შენ ხარ ოკუპანტი, შენ ხარ ე.წ. აფხაზეთის ე.წ. დეპუტატი და არ გელაპარაკები, შენ ხარ ე.წ. ოსეთის ე.წ. დეპუტატი - არ გელაპარაკები, ისე ჩამოვედი რა და მივდივარ?

მეორე - კარასინი-აბაშიძის ფორმატი როა, როგორ მიდის ეს შეხვედრა მაგიდასთან ხომ ვერ მეტყვით?! როგორ წარმოგიდგენიათ აბაშიძე მიდის და ეუბნება „გამარჯობა ოკუპანტო, მე მოვედი ახლა და ეკონომიკურ საკითხებზე ვილაპარაკოთ რა"?

იმდროინდელი ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც, როდესაც მაგიდასთან ხვდებიან, ძალიან კარგად და კონსტრუქციულად ლაპარაკობენ, ერთმანეთსაც კარგად ეხუტებიან და მერე გამოდიან და მიკროფონების წინაშე ყვირიან "ოკუპანტიო".

მე არა ვარ ორმაგი სტანდარტების მომხრე, მე მომხრე ვარ იმისი, რომ შერიგებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. თქვენ თუ იყვირებთ ოკუპანტი, ოკუპანტი, ე.წ. და ე.წ., მაშინ თავიდანვე უნდა თქვათ, რომ მე შერიგება არ მინდა და მორჩა.

30 წელია არც ჟენევის ფორმატს ჰქონია კონკრეტული შედეგი, სამწუხაროდ არ ჰქონია, თუმცა მე მომხრე ვარ, რომ ეს ფორმატი შენარჩუნდეს," - აცხადებს ირმა ინაშვილი.

დღის ამბები