29 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
როგორი იქნება 2021 წლის ბიუჯეტი - მთავარი საფინანსო დოკუმენტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი

2021 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც შენიშვნებით მთავრობას უბრუნდება, ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს. შემაჯამებელ სხდომას პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები არ დაესწრნენ. ოპოზიციური ფლანგიდან კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წარმომადგენლები მივიდნენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ დოკუმენტი ვერც მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობს და მასში არც პანდემიიდან გამომდინარე საჭიროებებია დათვლილი.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, 2021 წლის ბიუჯეტში მათ მიერ გაცემული სოციალური დანაპირებები გათვალისწინებულია, რაც სახელფასო ფონდის გაზრდასა და პენსიის მატებას ითვალისწინებს. მომავალი წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი, ინფლაცია კი 3%-ია. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ 2021 წლის ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრები შენარჩუნებული იქნება, თუმცა სხვა მაჩვენებლები შესაძლოა შეიცვალოს.

პანდემიიდან გამომდინარე საჭიროებების ასახვას ხელისუფლება ბიუჯეტის შესწორებულ ვერსიაში აპირებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჯანდაცვის მიმართულების ხარჯები ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ვერ აისახა, რადგან კორონაპანდემიის რისკები სრულად შესწავლილი არ არის.

მთავრობა მომდევნო წელს 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წელს ხარჯების ზრდა ძირითადად 2020 წელს აღებული საგარეო ვალით ფინანსდება. ბიუჯეტის არსებული ვერსიის თანახმად, მთავრობა უფრო მეტი ვალის დაფარვას გეგმავს, ვიდრე აიღებს.

დღის ამბები