29 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
პრემიერის განცხადებას ტოკსიკურობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა

არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში რისკების ზრდაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი, რომელიც პანდემიასთან ერთად პრობლემას ხედავს ოპოზიციაში, - "მძიმე ორი კვირა გველის წინ, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როცა პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან," - ეს არის გიორგი გახარიას განცხადება, რომელსაც პოლიტიკოსებმა უკვე უპასუხეს.

პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ იკადრა ყველაფერი და მათ შორის ის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები ჩამოშალა და ადამიანები ბედის ანაბარა დატოვა.

"მე გახარიას ვურჩევდი ერთ რამეს, რომ დაფიქრდეს იმ ძალიან მძიმე შეცდომებზე, რომელიც აქვს მას, მათ შორის თავისი პრემიერ-მინისტრობის და შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდის მანძილზე და დაფიქრდეს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქვეყანა," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი თემებით წინასაარჩევნოდ მანიპულირება, როგორიც არის დავით გარეჯის საკითხი, უკადრებელია.

"ზაფრები, შიშები, ტოქსიკურობები მოიკითხონ თავისკენ. ჩვენი ამოცანაა ქვეყანა მივიყვანოთ ცვლილებებამდე. ჩემთვის უკადრებლის კადრება არის ის, როდესაც ყველა ქართველისთვის ძალიან ემოციურ თემას დავით გარეჯს იყენებ არჩევნებამდე 3 კვირით ადრე იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო. ჩემთვის უკადრებლის კადრება არის ის, როდესაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას იყენებ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო და შემდეგ გავიწყდება, ასევე ის, როდესაც ბარბარე რაფალიანცის 9 თვის ბავშვის გარდაცვალებას იყენებ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო და მერე გავიწყდება," - აცხადებს დავით ბაქრაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებს მათ მიერ წარსულში გაკეთებული ქმედებების შეხსენებით პასუხობს.

"რა ოპოზიციური ჯგუფები არიან არ იცით? ეს ადამიანები საკანონმდებლო ორგანოში სითხეს ასხამდნენ და სრულიად ამორალური და მიუღებელი საქციელით გამოირჩეოდნენ, აქ თუ საკომიტეტო სხდომებზე უშინაარსო საკითხებით, პარლამენტის შტურმით აღებას ესენი აპირებდნენ, ხომ ვნახეთ ყველამ ეს კადრები?! კიდევ რა აქვთ განხორციელებული და ვის რა ქონება წაართვეს და ვინ აწამეს, მე მგონი არ გესწავლებათ და ამას არ სჭირდება ჩემი შეხსენება, ძალიან კარგად არის ცნობილი ეს ყველასთვის," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები