29 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე 22 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებული კანადის მოქალაქის ექსტრადიციის საკითხი განიხილება

აშშ-ის კომპეტენტურმა უწყებებმა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს წარმატებული თანამშრომლობისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, აშშ-ის სამხრეთ კალიფორნიის რაიონის პროკურატურა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, ისნის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის მიერ გაწეულ დახმარებას. აშშ-ის კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე, სამართალდამცველებმა 2020 წლის 22 სექტემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კანადის მოქალაქე მ.პ. დააკავეს.

"მ.პ. აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ აშშ-ს წინააღმდეგ განხორციელებული თაღლითობის ბრალდებისთვის, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იძებნებოდა. მ.პ.-ს დაკავების ბრძანება აშშ-ს სამხრეთ კალიფორნიის საოლქო სასამართლოს მიერ არის გამოცემული.

მ.პ.-ს და მისი თანამონაწილის უკანონო ქმედებების შედეგად, რაც გამოიხატა მათ ქვემდებარეობაში მყოფი კომპანიის მიერ შეუსაბამო ხარისხის სამშენებლო მასალის გამოყენებაში და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაყალბებაში, აფრიკის რეგიონში არსებული აშშ-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი უხარისხობის გამო დაინგრა.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მ.პ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და ამჟამად, მისი აშშ-ში ექსტრადიციის საკითხი განიხილება,"- ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები