29 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
მე არ ვიძლევი დაპირებებს, ვცდილობ ადამიანებს ავუხსნა, რომ მთავარი თავისუფლების ნაკლებობაა - ზურაბ ჯაფარიძე

პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პოლიტიკური გაერთიანება "გირჩიდან" ზურაბ ჯაფარიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ უმთავრესი ის დაკარგული თავისუფლებაა, რომელიც თავის დროზე, საბჭოთა კავშირმა წაგვართვა. 

ზურაბ ჯაფარიძემ ისიც აღნიშნა, რომ ის და მისი პარტია დაპირებებს არ იძლევიან. 

"მთავარი პრობლემებია ეკონომიკური სიდუხჭირე, სამუშაოსა და შემოსავლების არარსებობა, ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა. მე არ ვიძლევი დაპირებებს, უბრალოდ, ვცდილობ ადამიანებს ავუხსნა, რომ მთავარი არის თავისუფლების ნაკლებობა. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ის თავისუფლება, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირმა წაგვართვა. ამ თავისუფლებას კი კონკრეტული გამოხატულებები აქვს. ჩვენ რაზეც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან შევთანხმდით, ეს ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი ხედვაა," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მსგავსად, დაასახელებს თუ არა პარტია "გირჩი" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის ამაზე საუბარს სერიოზულად არ მიიჩნევს. 

"ჩვენ ვთვლით, რომ ახლა პრემიერ-მინისტრობაზე საუბარი არასერიოზულია, რადგან ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ბევრ რამეზე იქნება შეთანხმება მისაღწევი. ჩვენ არ უნდა ვეძებოთ ახალი ბელადები, ჩვენ იმას უნდა მივხვდეთ, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები არასწორი სისტემის გამოა. ამ სისტემამ ახლა ივანიშვილი მოირგო, მანამდე მორგებული ჰყავდა სააკაშვილი, უფრო ადრე კი შევარდნაძე. ჩვენი მიზანი სისტემის შეცვლაა და თუ ძალაუფლების დეცენტრალიზაცია მოხდება, მაშინ კონკრეტულ ადამიანებს აღარ ექნებათ პრინციპული მნიშვნელობები," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

დღის ამბები