29 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ღამე ბანკის გახსნა სეიფების გახსნა ხომ არ გგონიათ, ჩვეულებრივი ოფისის გაღებაა, რა დროსაც საბანკო ოპერაცია არ ტარდება - მამუკა ხაზარაძე

პარტია "ლელოს" ლიდერმა და "თიბისი ბანკის" ყოფილმა დამფუძნებელმა "ღამის კურიერის" ეთერში ბანკთან დაკავშირებულ სკანდალურ საქმეებზეც ისაუბრა, მათ შორის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეზე, რომელიც მამუკა ხაზარაძეს ხელისუფლების დაკვეთის შესრულებასა და მისი ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებდა:

"ანზორ ქოქოლაძე ჩემთვის ცნობილი ბიზნესმენი არაა, ის არის ის ადამიანი, რომელმაც მოტყუებით მიითვისა თიბისი ბანკისა და სხვა უამრავი, თუ არ ვცდები 4 ბანკის ქონება, მაქინაციური წესებით გააკოტრა ეს კომპანია და იმავე პერიოდში დააფუძნა პარალელური კომპანია. ამისათვის ქართულ ოცნებას ჰქონდა 8 წელი, თავიანთი ჯიბის მოსამართლეებით და ანზორ ქოქოლაძეს ჰქონდა ხელისუფლების მხარდაჭერა, არანაირი კანონი არ დარღვეულა, ანზორ ქოქოლაძეს ჩამოერთვა ბიზნესი ბანკის ფულის არდაბრუნების გამო," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძე "კონსტანტას" საქმესაც შეეხო. კონსტანტა ბანკის დამფუძნებლები აცხადებდნენ, რომ ბანკები ხელისუფლების წნეხის ქვეშ იყვნენ და  მაშინდელი მთავრობის მითითებებს ასრულებდნენ, ბანკის მაშინდელ მენეჯმენტს "თიბისი ბანკში" კრედიტის აღება აიძულეს, "თიბისიმ" კრედიტი არასამუშაო დროს გასცა, ეს ფული წაიღო მთავრობამ და მათი ბანკი კი "თიბისიმ" შეიძინა. მამუკა ხაზარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისევ გაიმეორა ამ თემასთან დაკავშირებით ადრე გაკეთებული განცხადება, რომ მან კეთილი საქმე გააკეთა.

"ახლაც ვიმეორებ, თამარ ლებანიძის ძმა იმ დროს იყო დაპატიმრებული, მას ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ბანკისგან ჰქონდა შემოთავაზება, ჩვენ წავედით იმ მოლაპარაკებაზე, რომ ის დაგვეფინანსებინა, მერე თამარ ლებანიძე გახდა ჩვენი პარტნიორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო და არანაირი კონფლიქტი არ გვქონია, ღამე ბანკის გახსნა სეიფების გახსნა ხომ არ გგონიათ, ეს ჩვეულებრივი ოფისის გაღებაა, რა დროსაც საბანკო ოპერაცია არ ტარდება "- მამუკა ხაზარაძე"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები