29 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
"ამ პროტოკოლში ნახმარია ფრაზა - საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციამდე"- რა დოკუმენტით დაინტერესდა გამოძიება ზურაბ ნოღაიდელის გამოკითხვისას

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა "დღის კურიერის" ეთერში დავით გარეჯის საქმეზე მის გამოკითხვასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიება, ასევე, დაინტერესდა ერთ-ერთი დოკუმენტით, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საბაჟო გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირებას შეეხებოდა, თუმცა, როგორც ნოღაიდელმა განაცხადა, ამ დოკუმენტს საქმესთან უშუალო კავშირი არ ჰქონია და მისით დაინტერესება მასში მოყვანილმა ფრაზამ გამოიწვია:

"გამოკითხვის დროს იყო ერთი დოკუმენტი - პროტოკოლი, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ჩვენ დელიმიტაცია-დემარკაციამდე ნელ-ნელა დავიწყეთ საბაჟო გამშვები პუნქტების რაოდენობის  შემცირება. მაგალითად, 2004-ში, როცა ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრი ვიყავი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთების და ადამიანების მიმოსვლა იყო რამდენიმე ათეულ ადგილზე, რაც ჩვენც და ნაწილობრივ აზერბაიჯანსაც უქმნიდა ეკონომიკური სივრცის დაცვის პრობლემას. ამ პროტოკოლში ნახმარია ფრაზა - საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციამდე, მაგრამ განმარტებების შედეგად მკაფიოდ გამოჩნდა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტების დაწესების გადაწყვეტილებას საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციასთან უშუალო კავშირი არ აქვს," - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტით დაინტერესება მხოლოდ მასში ნახსენებმა ფრაზამ გამოიწვია.

ის ვარაუდობს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში გამოჩნდება უშიშროების საბჭოს ოქმებიც ამ საკითხთან დაკავშირებითაც.

დღის ამბები