29 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
დაკავებულია დედა-შვილი, რომლებიც მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ სოციალურად დაუცველისა და დევნილის სტატუსის მოპოვებას ჰპირდებოდნენ

თაღლითობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დედა-შვილი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მოქალაქეებს თანხების მოტყუებით მითვისებისა და ნდობის მოპოვების მიზნით ეცნობოდნენ, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები.

დაკავებულები 30-ზე მეტ მოქალაქეს დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ სოციალურად დაუცველისა და დევნილის სტატუსის მოპოვებაში, ასევე, ჰპირდებოდნენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას და ბინებით უზრუნველყოფას, რის სანაცვლოდაც თითოეულ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს და მიითვისეს თანხები - 2 000 ლარიდან 10 000 აშშ დოლარამდე.

დედა-შვილის დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა, მათ 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები