მოსკოვში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციის მიხედვით, ქალაქ განჯაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 9 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 34, მათ შორის მცირეწლოვნებიც არიან. დაიბომბა აღდამის რეგიონიც.
იერიშები განახლდა მთიან ყარაბაღშიც, სადაც ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, 25 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
დღეს მოსკოვში სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ისაუბრეს. სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგასთან აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად არ სრულდება და იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში კონფლიქტი უმოკლეს ვადაში დასრულდება.
ოფიციალურმა ერევანმა კი, მოსკოვში ვიზიტისას მთიან ყარაბაღში შეთანხმების დასაცავად სავერიფიკაციო მექანიზმების შექმნა მოითხოვა.
ყარაბაღის კონფლიქტი ერთ-ერთი საკითხია, რისთვისაც დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ. ევროკავშირის უმაღლესი კომისრის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, შეიარაღებული დაპირისპირების მოსაგვარებლად რეგიონში არსებულმა ყველა მხარემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.
ავტორი: ანი მურადაშვილი