29 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
რას გულისხმობს ასინქრონული სწავლება - განათლების მკვლევარმა ონლაინსწავლების გამოწვევებზე ისაუბრა

განათლების მკვლევარმა ნინო რევიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში ონლაინსწავლების გამოწვევებზე ისაუბრა. 

როგორც მან აღნიშნა, ამ დროს ყველაზე ეფექტურია ასინქრონული მეთოდი, რაც მოსწავლისთვის წინასწარ, მოკლე, 5-7 წუთიანი ვიდეოს მიწოდებას გულისხმობს, სადაც მოქცეული იქნება გაკვეთილის ახსნითი ნაწილი. 

"ძალიან კორექტულები და ფრთხილები უნდა ვიყოთ, როდესაც მასწავლებლებს პიედესტალიდან რჩევებს ვაძლევთ, რადგან გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ადამიანებს სტრესულ ვითარებაში ბრძნული გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ. ცხადია, სასწავლო გარემო გამონაკლისი არ არის.

როდესაც ვსაუბრობთ, მაგალითად, ონლაინსწავლებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, როგორ უნდა გავხადოთ ის კიდევ უფრო ეფექტური, ვიდრე ის ჩვენ წარმოგვიდგენია. მაგალითად, ხშირად ახსენებენ ასინქრონულ სწავლებას. ეს გულისხმობს, რომ მაშინ, როდესაც მოსწავლე ონლაინ უსმენს გაკვეთილს, მისთვის შეთავაზებული უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება. შესაბამისად, თუ რამე ნაწილია, რასაც მასწავლებელი ხსნის, ეს შეიძლება წინასწარ ჩაიწეროს ძალიან პატარა ვიდეოს სახით.

ფსიქოლოგებიც და განათლების სპეციალისტებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ვრცელი, თუნდაც 20 წუთიანი ვიდეოს მოსმენა ზრდასრულს ბეზრდება, არათუ მოსწავლეს. შესაბამისად, შეიძლება 5-7 წუთიანი ახსნითი ნაწილი წინასწარ მივაწოდოთ მოსწავლეებს, რომ მათ, როდესაც მათთვის უფრო კომფორტული იქნება, მაშინ უსმინონ ამ ვიდეოს," - განაცხადა განათლების მკვლევარმა ნინო რევიშვილმა.

დღის ამბები