29 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
საზოგადოება მიშა-ბიძინას ნარატივით დაიღალა - ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" დაპირისპირებაზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას კრიტიკულად აფასებენ. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ახლა მთავარი მიზანი "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა და ოპოზიცია ერთმანეთის კრიტიკით მმართველი გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს. 

"სამწუხაროდ, შეთანხმება ჩემთან დაკავშირებით, ნამდვილად დაირღვა, მაგრამ არ ვაპირებ ამაზე ჩაციკვლას. ჩემთვის მთავარია, "ქართული ოცნების" ჩამოშორება ხელისუფლებისგან. ყველას აქვს მარტივი არჩევანი - ან საქმის მკეთებლების, "სტრატეგია აღმაშენებლის" სახით, ან ფულის მკეთებლები - "ქართული ოცნების" სახით. ოპოზიციაში მტრის ძიება არის ყველაზე მეტად ივანიშვილის საქმე, ეს არის მთავარი პრობლემა. მე, პრინციპულად, არც ერთ თავდასხმას არ ვუპასუხე არასდროს. არა იმიტომ, რომ პასუხები არ მქონდა, არამედ იმიტომ, ზუსტად ვიცი, რომ ეს არასწორია,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აღნიშნავს, რომ საზოგადოება მიშა - ბიძინას ნარატივით დაიღალა და ამ ნარატივიდან უნდა გამოვიდეთ.

"ფაქტია, რომ შეთანხმება ჩაიშალა და ჩაიშალა იმ კუთხით, რომ მეორე ტურზე მაჟორიტარები ყველგან დააყენა "ნაციონალურმა მოძრაობამ". "გირჩიც" შერისხულთა სიაშია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. ადამიანები დაიღალნენ ამ ნარატივით, მიშა - ბიძინას ნარატივით, რომელიც ამ ადამიანებისგან არის პედალირებული. ის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, ისევ ამაზე ვლაპარაკობთ, ამ ორივე ადამიანის პოლიტიკა იწვევს.

მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ვიღაცას მუშტი და იდაყვი მოვატყათ,  ეს არ არის მგონი სწორი. ჩვენ საერთოდ ამ ნარატივიდან უნდა გავიდეთ. არც ბიძინას არ უნდა მოვარტყათ მუშტი, ან მიშას - ამ ნარატივიდან უნდა გავიდეთ,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილისთვის გაუგებარია, რატომ აკრიტიკებს ოპოზიცია ერთმანეთს მაშინ, როდესაც ყველა საპირისპიროზე საუბრობს. 

"გაუგებარია, რომ ერთი მხრივ, ყველა ოპოზიციონერი ლაპარაკობს, რომ მოდი ერთმანეთი არ გავაკრიტიკოთ და ხელისუფლებასა და "ქართული ოცნების" პრობლემებზე ვილაპარაკოთ, მერე "ევროპული საქართველო" ვერ ითმენს და მიახტება ხოლმე "ნაციონალურ მოძრაობას". ეს ძალიან ღიმილის მომგვრელი და სევდიანი საყურებელია, ისეთი ხალხი აკრიტიკებს სააკაშვილს, მართლა რომ სააკაშვილმა აქცია კაცებად. თვითონ როგორ არ ეუხერხულებათ, ძალიან მაინტერესებს. ისე ხელაღებით ლაპარაკობენ, სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობაზე, გეგონება, თვითონ ოპოზიციაში იყვნენ და "კავკასიის" ან "მაესტროს" წამყვანები იყვნენ,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა, არამედ მიხეილ სააკაშვილმაც ამოიღო მიზანში.

დღის ამბები