29 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ფართომასშტაბიან შეხვედრებსა და აქციებს გავმართავთ - ზაალ უდუმაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" ეროვნული კამპანია დაიწყო, რომელიც ყველა რეგიონში ჩასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრას ითვალისწინებს.

აღნიშნულის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ზალიკო უდუმაშვილმა განაცხადა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში გადადის. საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ფართომასშტაბიან შეხვედრებსა და აქციებს გავმართავთ. ამ აქციების მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენს მოსახლეობას განვუმარტოთ როგორ ვაპირებთ 31 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილებასა და შემდეგ სწრაფად ამ ქვეყნის განვითარების დაწყებას, ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპებით უნდა დაადგეს აღმშენებლობის გზას. 

ამ შეკრებებსა და აქციებზე საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს თავის ძალასა და იმ ერთიანობას დაანახებს, რომელიც სუფევს ჩვენს ამომრჩეველში. 

ამავე დროს, ჩვენ ძალიან კარგად ვათვითცნობიერებთ იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს არსებობს კორონავირუსის გამო. ამიტომ, ჩვენი ყველა შეკრება და აქცია გაიმართება დღეს არსებული წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით. 

20 დღე არის დარჩენილი გადამწყვეტ არჩევნებამდე. ახლა არის საჭირო ჩვენი სრული მობილიზება, რათა 31 ოქტომბერს ერთად გავისტუმროთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და ერთად დავიწყოთ ამ ქვეყნის აღმშენებლობა", - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

დღის ამბები