29 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით მეშვიდე, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, ბუბა შალამბერიძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა და ერთ-ერთი გარდაცვლილი 43 წლის მამაკაცია. ეს დღეს გარდაცვლილი მეშვიდე პაციენტია. 

შალამბერიძის თქმით, პაციენტს ჰქონდა თანმდევი სხვადასხვა ქრონიკული დაავადება.

"სამივე პაციენტთან იყო მრავლობითი ქრონიკული დაავადებები,  მათ ფონზე მოხდა დაავადებების გამწვავება, სამივე პაციენტი თავიდანვე იყო კრიტიკული და მძიმე. ორი, დაახლოებით,  70-72 წლის ასაკის, 1 იყო მამაკაცი 43 წლის," - განაცხადა შალამბერიძემ.

გარდა ამისა, 3 პაციენტი გარდაიცვალა ასევე აჭარაში. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, გია კიკაბიძის განცხადებით, გარდაცვლილ პაციენტებს მწვავე, ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ. 

"სამწუხაროდ, გარდაიცვალა სამი პაციენტი - 69 წლის ქალბატონი, 81 და 68 წლის მამაკაცი. სამივე მათგანს აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, იყვნენ მართვით სუნთქვაზე. გარდა ამისა, ჰქონდა არტერიული ჰიპენტენზია, გულის ქრონიკული დაავადება, ერთ მათგანს ალცაიმერის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი," - განაცხადა კიკაბაძემ. 

 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატების გამო საქართველო პოზიციებს კარგავს. დღეს გამოვლენილი 478 ახალი ფაქტით ჩვენი ქვეყანა მსოფლიო სახელმწიფოებს შორის 98-ე ადგილზეა. რვა თვის თავზე საქართველოში უკვე 12 272 ლაბორატორიულად დადასტურებული ფაქტია.

ცხელ წერტილად, აჭარასთან ერთად, უკვე დედაქალაქიც ითვლება. მხოლოდ ზღვისპირა რეგიონში კოვიდსტატისტიკას 196, ხოლო თბილისში 178 დაემატა. 12 ოქტომბრის მონაცემებით, კოვიდმიმღებ კლინიკებშია 50 კრიტიკულად მძიმე პაციენტი. მათგან 8 ოკუპირებული აფხაზეთიდან, ერთიც კი ცხინვალიდანაა გადმოყვანილი. 

დღის ამბები