29 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
"ლელოს" აქტივისტის მუქარას "ქართული ოცნების" წევრის მიმართ კახა კალაძე ეხმაურება

გარდაბანში "ქართული ოცნების" დეპუტატზე განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით დღეს განცხადება კახი კალაძემ გააკეთა. თბილისის მერის თქმით, მაქსიმალურად უნდა აღმოიფხვრას ნებისმიერი ძალადობის მცდელობა, რათა არჩევნები მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში ჩატარდეს.

"ცოტა გაურკვეველია, რას ნიშნავს "აფექტის მდგომარეობაში". მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩვენი მხარდამჭერები იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები - მაქსიმალურად თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან, ეს ყველანაირად აზიანებს არსებულ საარჩევნო გარემოს და ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, თანაბარ პირობებში, სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ექნება შესაძლებლობა, რომ კამპანია აწარმოოს," - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, "ლელოს" აქტივისტმა რაშად მუსაევმა სოციალურ ქსელში, თავის პირად გვერდზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ის მმართველი გუნდის მაჟორიტარ დეპუტატს სავალან მირზოევს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. თუმცა, მუსაევი აცხადებს, რომ ვიდეოს ჩაწერამდე ცოტა ხნით ადრე მას მირზოევის მეგობარმა დაურეკა და განუცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მუსაევისთვის ნარკოტიკების ჩადებას აპირებდნენ.

დღის ამბები