29 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის გადამწყვეტი საკითხები კვლავ გადაჭრას საჭიროებს - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი, რომლებიც ევროსაბჭოში, საქართველოს თემებზე მუშაობენ, განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებით თანამომხსენებლები, ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურებიან რომელიც შეეხება "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით.  

ისინი წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას, თუმცა აღნიშნავენ, რომ რეკომენდაციების ნაწილი მართლაც გათვალისწინებულია. 

"ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიმართა ვენეციის კომისიას დასკვნისათვის აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამით შესაძლებელი იქნებოდა იმის უზრუნველყოფა, რომ კანონმდებლობის წინა ვერსიასთან მიმართებით ვენეციის კომისიის გამოთქმული რეკომენდაციები და პრობლემური საკითხები სრულად ყოფილიყო გათვალისწინებული. თუმცა, აღნიშნულ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის ახალი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ნათელია, რომ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, გამოვთქვათ წუხილი, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და კანონში ცვლილებები ისე მიიღო.

მართალია, ვენეციის კომისიის წინა დასკვნიდან რამდენიმე რეკომენდაცია განხორციელდა, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც უპასუხოდ დარჩა მცირე, თუმცა არსებითი საკითხები. ეს განსაკუთრებით ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრებასა და საბჭოს წევრთა ხმებისა და სახელების გასაჯაროებას. აღნიშნულ გაუთვალისწინებელ რეკომენდაციათა განხორციელება აუცილებელია, რათა კანონმა სრულად უზრუნველყოს ადეკვატური საფუძვლის შექმნა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის მგრძნობიარე საკითხისათვის. ამდენად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, აიღონ ვალდებულება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე, ახალი პარლამენტის მოწვევისთანავე.“ - ნათქვამია განცხადებაში. 

მომხსენებლები აპირებენ ფაქტების შემსწავლელ ვიზიტს საქართველოში, მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, 31 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, თუ ამის საშუალება იქნება სანიტარული მდგომარეობიდან გამომდინარე. მომხსენებლები ასევე იმედოვნებენ, რომ დააკვირდებიან არჩევნებს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა დელეგაციის ფარგლებში.

დღის ამბები