29 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ბაქო, ერევანი, მოსკოვი - დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ლავროვის შუამავლობით შეხვდნენ

საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდების შემდეგ დაპირისპირებული სომხეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ევროპული სახელმწიფოების შეთავაზების მიუხედავად, მხარეები ერთმანეთს მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტრის შენობაში, ლავროვის შუამავლობით შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკების საწყის ეტაპზე საუბარი ტყვეებისა და ცხედრების გაცვლის საკითხს შეეხო.

სომხეთი, რომ სამშვიდობო პროცესის განახლებისთვის მზად არის, ნიკოლ პაშინიანმა ერევანში ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაზეც დააფიქსირა. მკაცრ რიტორიკას ინარჩუნებს აზერბაიჯანი - ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ სომხეთს ბოლო შანსი დარჩა, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გაიყვანოს მთიანი ყარაბაღიდან სამხედრო ძალები.

კონფლიქტის გადაჭრის განსხვავებული ხედვა აქვთ თურქეთსა და რუსეთს. ოფიციალური ანკარა თვლის, რომ მინსკის ჯგუფის მუშაობა უშედეგოა, მოსკოვში კი ფიქრობენ, რომ კონფლიქტის მოგვარებას დიპლომატიური გზით ალტერნატივა არ აქვს.

სანამ დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან მსჯელობენ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები ისევ აქტიურად მიმდინარეობს. სომხეთიც და აზერბაიჯანიც ერთმანეთს სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებში ადანაშაულებენ. ორივე მხარე ამბობს, რომ მოწინააღმდეგის თავდასხმის სამიზნე დასახლებული ადგილებია. სომხეთიც და აზერბაიჯანიც მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.

ავტორი: ანი მურადაშვილი

დღის ამბები