29 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
ჩნდება ეჭვი, რომ გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებს ემსახურება - NGO-ები გარეჯის საქმეზე

საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელების ბრალდებით, დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრების ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვას დაკავებას არასამთავრობო სექტორის ნაწილი პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს.

"მიგვაჩნია, რომ გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ," - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გამოძიების წინასაარჩევნო კონტექსტთან ერთად, ასევე საყურადღებოა აღნიშნული საქმის უფრო ფართო ჭრილში განხილვა და რეგიონში მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს ამ თემის გააქტიურების მიზეზების გარკვევაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის ინტერესებშია საქართველოს არჩევნებში ჩარევა და დესტაბილიზაციის კერების გაღვივება, მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობის გზითაც.

არასამთავრობოები ასევე აქცენტს აკეთებენ საქმესთან რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო კავშირებზეც .

არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას რამდენიმე მოწოდებით მიმართავს.

"შეწყვიტოს წინასაარჩევნოდ მოსახლეობისათვის სენსიტიური თემებით მანიპულირება;

შეისწავლოს საქართველოს შიდა საქმეებში  რუსეთის სპეცსამსახურებისაგან ჩარევის რისკები და გამოძიებაში რუსეთთან დაკავშირებული პირების ჩართულობის საკითხი;

უზრუნველყოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სამართლიანი სასამართლო პროცესი და არ დაუშვას უდანაშაულო პირთა უფლებების დარღვევა;

საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება გამოძიების მსვლელობისა და შედეგების თაობაზე;

საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მკაცრად დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია და აღნიშნული საკითხი  პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენოს."- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო,  ღია საზოგადოების ფონდი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,  მედიის განვითარების ფონდი, საზოგადოება და ბანკები, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი,  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი,  საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს გაეროს ასოციაცია.

დღის ამბები