29 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
დავით გარეჯის საქმე - საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებული ექსპერტები ბრალს არ აღიარებენ

ბოლო დროის ყველაზე დიდი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ქვეყნის ტერიტორიას უკავშირდება - საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდონ. ორივე თავის დროზე სადავო ტერიტორიებზე ტოპოგრაფიულ მიმართულებას კურირებდა.

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინათ, თუმცა არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. ბრალდება კი საკმაოდ მძიმეა: პროკურატურა აცხადებს, რომ ეს არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და განზრახ ქმედება, რითაც საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცა-დემარკაციის კომისიის 2 წევრი მოსამართლის განჩინებით გუშინ დააკავეს. მათ ბრალად 2007 წელს შესაძლო დანაშაულის ჩადენა ედებათ. გამოძიება ამტკიცებს, რომ მელაშვილიც და ილიჩოვაც შეგნებულად არ ხელმძღვანელობდნენ რუკის იმ ვერსით, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის გავლება საქართველოს ინტერესებს არ დააზიანებდა. პროკურატურის ინფორმაციით, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმების დროს ბრალდებულების მიერ 1938 წლის რუკის ნაცვლად 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკების გამოყენებამ ქვეყანა 3 500 ჰექტრის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა.

დღის ამბები