29 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
სასამართლო საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ​საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ადანაშაულებს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის დაყენებას აპირებს.

"ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მათ ეს ჩაიდინეს განზრახ შეგნებულად," - აცხადებს საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე.

საქმის მასალების დიდ მოცულობაზე საუბრობს დაცვის მხარე და აცხადებს, რომ დღეს პროკურატურამ დაცვის მხარეს საქმის შვიდი ტომი გადასცა. საღამოს კი პროცესი ჩაინიშნა, რაც ამ მასალების გასაცნობად არასაკმარისი დრო იყო. რაც შეეხება ივერი მელაშვილის პოზიციას ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და გირაოს მოთხოვნას არ აპირებს:

"დღეს პროცესის ჩატარება ნიშნავს, რომ დაირღვევა ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლება. ჩვენ არ გვაქვს სათანადო დრო დაცვის უფლების მომზადებისთვის. თუკი მოსამართლე აი ამ მასალებს ერთ საათში გაეცნო, მაშინ ეს იქნება გასაოცარი, ამ კითხვას დავსვამ სასამართლო პროცესზე," - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ საბოლოო მიზანი ყოფილი ხელისუფლების დადანაშაულებაა.

დღის ამბები