29 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
ეს იყო სამწუხაროდ წინა ხელისუფლებების პოლიტიკური გადაწყვეტილება, დაუშვეს შეცდომა, ინსტიტუციურად არ მოხდა შესწავლა - ჯაბა სამუშია დავით გარეჯზე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია მიიჩნევს, რომ საქართველოს საზღვრის დამდგენმა კომისიამ დავით გარეჯთან მიმართებით არასათანადოდ იმუშავა. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"3 ფაქტი მინდა გითხრათ და განსაჯეთ, იყო კომისიის მიერ ამ მიმართულებით ჩატარებული მუშაობა. 1981 წელს უცხოელებისათვის, ქართულად, რუსულად და ინგლისურად გამოდის წიგნი, სადაც არის ნაჩვენები დავით გარეჯის რუკა, ამ რუკის მიხედვით, უდაბნოს მონასტერი არის საქართველოს შემადგენლობაში. ეს არის 1981 წელი, საბჭოთა კავშირის დრო, როდესაც თითოეულ ასეთ უცხოელებისათვის განკუთვნილ გამოცემებს კაგებე, ​თავლიტი, ანუ ცენზურა ამოწმებს. ამ დროს იყო შეთანხმება, რომ საზღვარს უნდა გაევლო ფერდზე და არა წყალგამყოფზე. ესეთი შეთანხმება რომ არსებობდა სხვა ფაქტებიც ადასტურებს, მაგალითად 70-იან წლებში იქმნება დავით გარეჯის ნაკრძალი, ისტორიულ-კულტურული ძეგლის სპეციალური სტატუსი მიანიჭეს. ამაზე საბჭოთა კავშირის დროს მინისტრთა საბჭომ სპეციალური დადგენილება გააკეთა. უდაბნოს მონასტერი არის ამ ნაკრძალის ტერიტორიაზე. ამავე პერიოდში საქართველოში მოქმედებდა ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველო და ეს სამმართველო გამაგრებით სამუშაოებს უდაბნოს მონასტერში ჩვეულებრივად აწარმოებდა, საქართველოს ბიუჯეტით ხდებოდა ეს სამუშაოები, მაშინ როდესაც ბერთუბანთან მიმართებაში, რომელიც ასევე ქართული ძეგლია, თუმცაღა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უფრო ღრმად მდებარეობს, იქ უკვე საჭირო იყო აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს ნებართვა.

აქ საუბარი იმაზე კი არაა, რომ ვინმე ვინმეს ედავება, ისე უნდათ პოლიტიკურ კონტექსტში ამ თემის წარმოჩენა. აქ საუბარია, არის თუ არა ყველა ის მასალა მოძიებული, მათ შორის, უახლესი პოლიტიკური ისტორიიდან დეტალები, რომელიც ჩვენს დელეგაციას ნებისმიერ ასეთ მოლაპარაკებაზე ზურგს გაუმაგრებს.

ეს  იყო სამწუხაროდ პოლიტიკური გადაწყვეტილება წინა ხელისუფლებებისა, რომლებმაც დაუშვეს შეცდომა, ინსტიტუციურად არ მოხდა შესწავლა, როგორ შეიძლება იყოს ექსპერტზე დამოკიდებული, როდესაც შენ გაქვს გეოგრაფიის ინსტიტუტი, ისტორიის ინსტიტუტი, ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტი, მათი დასკვნები უნდა იდოს თითოეულ ამ მონაკვეთზე. ეს სამუშაოები, სამწუხაროდ, სრულყოფილად არაა შესწავლილი," - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

დღის ამბები