29 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ეს რომ არ იყოს პარტიული ინტერესი, გარეჯის თემას ძალიან იოლად გადაიტანენ ყარაბაღის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ - პაატა ზაქარეიშვილი 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ დავით-გარეჯის თემას საქართველოს ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა, რათა შემდეგ არჩევნების წინ, "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამოეყენებინა.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ინტერესი არა დავით გარეჯი, არამედ არჩევნებია. მისი თქმით, აზერბაიჯანულ მხარეს ყოველთვის ემახსოვრება, რომ ქართულმა მხარემ საკითხზე საუბარი მაინც და მაინც მაშინ დაიწყო, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა და ყარაბაღში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა.

"ტრაგედია ამაში არაფერი არ არის, მოსულა პოლიტიკაში და არჩევნების დროს, არ არის ეს კარგი სტილი, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცეში მოსულა. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" მრავალთვიან გათვლებს დაემთხვა ის საშინელება, რაც დღეს ხდება ყარაბაღში, სადაც ჩვენი მეზობლები, სამწუხაროდ, საომარ მოქმედებებს ახორციელებენ.

მოგეხსენებათ, ახლა აზერბაიჯანის მოსახლეობა ძალიან გამწარებულია იმით, რაც ხდება ყარაბაღში და ამ ფონზე გარეჯის თემას ისინი ვერ დაუკავშირებენ ვერანაირად წინასაარჩევნო კამპანიას, თითქმის 100%-იანად შეიძლება ითქვას ეს. რაც ჩვენ ვიცით და ვგრძნობთ აქ თბილისში, ეს ესე არ აღიქმება აზერბაიჯანულ საზოგადოებაში და მით უმეტეს, პოლიტიკურ სპექტრში და ისინი ვერ დაუწყებენ თავის მოსახლეობას ახსნას, რომ საქართველოში არჩევნებია და ამიტომ ნუ მივაქცევთ ყურადღებას. პირიქით, ეს კიდევ მეტად ძაბავს, მით უმეტეს უკვე გაჟღერდა ასობით ჰექტარზე საუბარი. აზერბაიჯანს პრობლემები აქვს ტერიტორიული. ამ დროს, პარალელურად, თითქოს და საქართველოც იხელთებს მომენტს, ასე ჩანს აზერბაიჯანში და გამოიჭირა ვითარება, რათა თავის პრეტენზიები წაუყენოს აზერბაიჯანს. ეს ასე არ არის, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ასე არ ფიქრობს, მაგრამ ახლა იმდენად გამწარებულია ხელისუფლება, რომ გადაირჩინოს თავის რეიტინგი და პოტენციური წარმატება არჩევნებში, რომ გვერდზე გადააქვს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობები, სახელმწიფო ინტერესები და ჯიუტად აწვება ამ მიმართულებას. ეს რომ არ იყოს პარტიული ინტერესები და არჩევნების ინტერესები, ძალიან იოლად გადაიტანენ ამას ყარაბაღის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ,“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 

დღის ამბები