29 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
პამპერსების გამოცვლას ვერ ასწრებენ, იციან რომ დედა ეტირებათ - გრიგოლ ვაშაძე

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კომისიის წევრების დაკავება უკვე მეორე დღეა ახალი ურთიერთბრალდებების საფუძველი გახდა ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები მიმდინარე პროცესებში რუსულ კვალს ხედავენ.

"რუსეთთან და "ФСБ-სთან" შეთანხმებით, ვიღაც ნაძირალა "ფეესბეშნიკებთან" შედარებით შეთითხნილი რუკა ჩამოაქვთ, რომელიც თითიდან არის გამოწოვილი და ისეა გაკეთებული, რომ უამრავი უზუსტობა არის ზედ და ამითი უშვებენ ივერის და ადანაშაულებენ ოპოზიციას. რატომ იცით? პამპერსების გამოცვლას ვერ ასწრებენ. იციან, რომ 31 ოქტომბერს ან გაყალბებით დარჩებიან ხელისუფლებაში და მერე ეტირებათ დედა, ან და კიდევ წააგებენ პირწმინდად. ქუჩაში გამოვიდნენ, ხალხს დაელაპარაკონ," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გამოძიებას ხელისუფლება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად იყენებს და ფიქრობენ, რომ მიმდინარე პროცესებს ხელისუფლება წინა ხელისუფლებაში მყოფი პირების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს.

"ყველაფერი, რასაც შოთაძის უწყება აკეთებს, ეს არის სამარცხვინო ტყუილი, ძალიან სახიფათო დროს დაწყებული მავნებლობა, რომელშიც რუსული კვალი იკვეთება და ამავე დროს, აი, როგორც თქვენ, ჟურნალისტები დგახართ და როგორც ახლა კამერებს ვუყურებ აი ასე მიდგას თვალწინ როგორც ზის შოთაძე, დღევანდელი მთავარი პროკურორი მაგისტრი მოსამართლის წინ და როგორ ყვება ყველაფერს თუ როგორ დაავალა ეს საზიზღრობის ჩადენა ივანიშვილმა მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ გვებრძოლოს ოპოზიციას და წინა მთავრობის წარმომადგენლებს," - აღნიშნა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.

გარდა ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლები ამახვილებენ ყურადღებას იმ ვითარებაზე, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან საომარ ვითარებაში იმყოფება და ისინი შიშობენ, რომ მსგავს ვითარებაში დავით გარეჯის საკითხზე აქცენტირება შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი იყოს.

"დღეს ამ საკითხის ასე წამოწევა და აჟიტირება ამ საკითხის არის დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის, როცა ჩვენი ორი მეზობელი ქვეყანა არის საომარ მდგომარეობაში. მე ვფიქრობ, ის, რაც ხდება, არის წინასაარჩევნო და სცდება უკვე წინასაარჩევნო დღის წესრიგს იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან სახიფათო თემასთან გვაქვს საქმე, რომელსაც "ქართული ოცნება" საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

დღის ამბები