29 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
სომხეთის პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს.

"მთიან ყარაბაღში სომხები ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგანან, რადგან ქალაქები და სოფლები მუდმივად იბომბება. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამ ამ სიტუაციაში გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს და აღიაროს ყარაბაღის დამოუკიდებლობა. სომხეთის მთავარი მიზანი მშვიდობაა. აზერბაიჯანის ერთადერთი მიზანი კი ყარაბაღიდან სომხების განდევნაა. ეს გენოციდის საფრთხეა. სომხების წინააღმდეგ გენოციდის განხორციელებაში საერთაშორისო ტერორისტები არიან ჩართულები," - აღნიშნავს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ ღამეს აზერბაიჯანის არმია ქალაქ სტეფანაკერტს რაკეტებით ბომბავდა.

სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ დილით აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სამხრეთის მიმართულებით თავდასხმის დაწყება სცადეს, თუმცა 20-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს და ჯებრაილის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიქცნენ.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, სომხეთის არმიამ გასულ ღამეს, ქალაქ განჯაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მათი ინფორმაციით, დაღუპულია 30 და დაშავებულია 100 სამოქალაქო პირი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა ორმხრივი გადაწყვეტილება უნდა იყოს და არა ცალმხრივი.

ალიევმა "ევრონიუსთან" ინტერვიუში სომხეთი მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლაშიც დაადანაშაულა.

დღის ამბები