29 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რუსეთის გამო ჩაიშალა - საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჩაიშალა. შეხვედრა შვეიცარიაში დღეს და ხვალ უნდა გამართულიყო, თუმცა რუსეთის გამო მოლაპარაკებები გადაიდო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუბრუნდეს ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების მაგიდას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.

უწყება შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, 51-ე რაუნდის ჩატარება დაგეგმილი და შეთანხმებული იყო მიმდინარე წლის 6-7 ოქტომბერს.

"მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის კუთხით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება," - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველაფერი გააკეთონ მოლაპარაკებების განახლებისთვის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ხელშესახები პროგრესის მიღწევის მიზნით.

დღის ამბები