29 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
ბავშვებს თან ვაშიმშილებთ, თან განათლების უფლება წავართვით ... ჩვენი პროგრამა სრულიად რეალისტურია - გიორგი გუგავა

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანმა გიორგი გუგავამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მათი პარტიის საარჩევნო პროგრამით განსაზღვრული პირობა, რომელიც სკოლის მოსწავლეების კომპიუტერებით აღჭურვას და მათთვის ერთჯერადი კვების დაფინანსებას ეხება, სრულად რეალისტურია.

გიორგი გუგავას განცხადებით, ამ პროექტის განსახორციელებლად თანხას სხვადასხვა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით გამოათავისუფლებენ. 

"საჯარო სკოლებში არის 600 ათასამდე მოსწავლე. ისინი დღიურად ერთხელ რომ გამოვკვებოთ, დაახლოებით 10 ლარის ოდენობით, ეს არის 6 მილიონი. საიდან მოვიტანთ ფულს? თვითმმართველობის წარმომადგენლები მხოლოდ ბენზინში რამდენიმე ათეულ მილიონს ხარჯავენ. რომელი უფრო ღირებულია, საკრებულოს წევრებს 600 ლიტრი საწვავი ჰქონდეთ დღიურად თუ ჩვენ დავაპუროთ ბავშვები?! მათ შორის, ქვეყანაში 80 ათასამდე ბავშვი შიმშილობს, ეს არის ტრაგედია. მთავარი პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს ქვეყანამ.

რაც შეეხება კომპიუტერებს, პანდემიიდან გამომდინარე, განსაკუთრებით დისტანციური სწავლების დროს, საჭიროა კომპიუტერი. იცით რამდენ ბავშვს არ აქვს ქვეყანაში კომპიუტერი და ვერ ისწავლა? თან ვაშიმშილებთ, თან განათლების უფლება წავართვით. 50 ათასზე მეტ ბავშვს არ აღმოაჩნდა არც სმარტფონი, არც კომპიუტერი და დარჩა განათლების გარეშე.

რაც შეეხება საჭირო თანხების მოძიებას - როდესაც ასეთ დიდ შეკვეთას აკეთებ იქნება ფასდაკლებები და თანხა იქნება მცირე. ტენდერს გამოვაცხადებთ და რადგანაც მოცულობითია და 600 ათასი კომპიუტერი უნდა შეიძინოს სახელმწიფომ, რაც ღირს ბაზარზე დაახლოებით, 50%-ზე ნაკლები დაჯდება. შესაბამისად, ის შესყიდული უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან.

მომავალი წლის ბიუჯეტში 50 მილიონით იზრდება ხელისუფლების წარმომადგენლების ხელფასები და დანამატები. ეს 50 მილიონი სრულიად საკმარისი იქნებოდა რომ დაიწყოს ამ პროექტის განხორციელება. ზუსტ ციფრს დღეს ვერ გეტყვით. მინიმალური სტანდარტი უნდა განისაზღვროს ტენდერით, ამიტომ მე ვერ გეტყვით კონკრეტულ ციფრებს,"-განაცხადა გიორგი გუგავამ.

დღის ამბები