29 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ლუკა სირაძეს სისხლის ნიმუში აუღეს მაშინ, როდესაც მოზარდი კლინიკაში გადაჰყავდათ - ჩოლოიანის ადვოკატი საიას პასუხობს

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას პასუხობს.

გაგი მოსიაშვილის თქმით, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ლუკა სირაძისთვის სისხლის ნიმუში აღებულ იქნა მაშინ, როდესაც მედიკოსებს მოზარდი კლინიკაში გადაჰყავდათ და სწორედ ამ ნიმუშში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება.

"სამედიცინო მანიპულაციის ჩატარებამდე ეს დადასტურებულია საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით. არის აღებული პაციენტის სისხლი, სადაც აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები. გამოკვლეული მტკიცებულებებით უდაოდ დასტურდება, რომ ახალგაზრდა ბიჭს, როგორც მინიმუმ, რომ მას თავი მოეკლა. ექსპერტიზით დასკვნით, დადასტურებულია, რომ დიდი ალბათობით, ეს შესაძლოა ყოფილიყო უნებლიე ვარდა და არა პირის მხრიდან განხორციელებული თვითმკვლელობის მიზნით გადმოხტომა საცხოვრებელი სახლის კორპუსიდან," - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

ადვოკატ გაგი მოსიაშვილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტყუილში ადანაშაულებს. დღეს ადვოკატმა განაცხადა, რომ ლუკა სირაძის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს.

"საიაში" კი განმარტავენ, რომ ეს კვლევა კლინიკაში ყოფნის შემდეგ გაკეთდა, რა დროსაც ლუკა სირაძეს გამაყუჩებლებს უკეთებდნენ. იქამდე ჩატარებულ ანალიზში კი ნივთიერებები არ აღმოუჩენიათ.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღის ამბები