საპროტესტო აქციებია ისრაელში, საყოველთაო კარანტინის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ დემონსტრაციებში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
საპროტესტო მოძრაობა "შავი დროშების" ინფორმაციით, სხვადასხვა ქალაქში დემონსტრაციებზე 100 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
ყველაზე ხალხმრავალი მანიფესტაცია თელ-ავივში იყო, სადაც საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დაკავებულია ათობით ადამიანი. ასევე, სამართალდამცველებმა ასობით მომიტინგე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის დააჯარიმეს.
ისრაელის ქუჩებში გასული დემონსტრანტები პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს აპროტესტებენ, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს დემონსტრაციების გამართვას მათი საცხოვრებელი სახლებიდან ერთი კილომეტრის დაშორებით უკრძალავს.
კანონის მოწინააღმდეგეები ინიციატივას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ.